ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელი კოლეგისგან ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ მიიღო ინფორმაცია და უნგრულ სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო.
მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრულ უპილოტო საფრენი საშუალებების კომპანიას Rotors and Cams ესტუმრა და კომპანიის მიერ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ სამრეწველო, სამართალდამცავი და სამხედრო წარმოების ფართო სპექტრს ადგილზე გაეცნო. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის დრონის ტექნოლოგიის სტატიკური ჩვენებაც მოეწყო.
უნგრეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალ წელს, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას დაიკავებს, კიდევ უფრო მეტად ექნება საქართველოს მიმართ ხელშეწყობის შესაძლებლობა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.