ჯუანშერ ბურჭულაძე - საქართველო და აშშ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში
ჩვენი მხრივ, გვაქვს მზაობა, თუ იქნება საჭიროება და გადაწყვეტილება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ისევ მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე ისაუბრეს ერთობლივ საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებითაც, როგორიც იყო ერაყსა და ავღანეთში.
„როგორც თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ჩვენი სამხედროები იბრძოდნენ ერთად ერაყში, შემდეგ ავღანეთში და ჩვენ საუბრის დროსაც შევეხეთ ამ საკითხს. როდესაც ჩვენი სამხედროები მსახურობდნენ, იბრძოდნენ ერაყში, გენერალი თავდაცვის მდივანი მაშინ იყო ხელმძღვანელი, სარდალი მისიაში და ჩვენი ჯარისკაცები მას იხსენებენ, როგორც სამართლიან და ძლიერ ლიდერს. ეს კიდევ ერთი გამოხმაურებაა იმ საშუალების, რაც აქვთ ჩვენს სამხედროებს, რომ გაიცნონ ნატო-ს სამხედროები, გაიცნონ ამერიკელი სამხედროები, იმეგობრონ და ამით გაამყარონ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა. რაც შეეხება დღეს ჩვენს ერთობლივ ღონისძიებებს მისიებში, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ჩვენს ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრივ, გვაქვს მზაობა, რომ თუ იქნება საჭიროება და გადაწყვეტილება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ისევ მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად.
შეხვედრის ფორმატში ვისაუბრეთ, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება, ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას შეიძლება, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდი არის გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, „ყველაფერს იღებთ შეერთებული შტატებისგან, რაც გჭირდებათ?“, – ჯუანშერ ბურჭულაძემ უპასუხა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა სინქრონულ რეჟიმშია და ურთიერთობებში სიურპრიზები არ აქვთ.
„ძალიან ჭკვიანური შეკითხვაა. დიახ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.