საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელშიც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, ყველა სამხედრო წოდების მაიორს და უფრო მაღალი წოდების მქონე პირს, გადასცეს ბინა და საკანონმდებლო დონეზე მივცეთ გარანტია ანაზღაურების გარანტირებულად ზრდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმა 2020-2030-ის წარდგენისას განაცხადა.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მახათას მთაზე მიმდინარე ბინების მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება, სადაც 1 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს.
„ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები აღჭურვილი არიან ყველაზე თანამედროვე საშუალებებით. ვამაყობთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს აცვიათ ისეთი ხარისხიანი ფორმა, რომელსაც ნატრობს ბევრი ევროპული ქვეყანა. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები, სარგებლობენ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება და ცხოვრობენ უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურაში. ჩვენი ჯარის მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და დაფასების პოლიტიკა მომავალში მოგვცემს მოტივირებულ და მაღალბრძოლისუნარიან ჯარს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.