ჯუანშერ ბურჭულაძე - სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როცა თავად ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თავდაცვის მიმართ ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ კრიტიკული შეკითხვებით შემოიფარგლა. მან გამოყო რამდენიმე კრიტიკული კითხვა, მათ შორის, ისაუბრა სალომე სამადაშვილის ბრალდებასა და „გირჩის“ წარმომადგენლების მოთხოვნაზე.
„ფაქტობრივად, არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა დღევანდელ „მინისტრის საათს“. მათ დასვეს კრიტიკული შეკითხვები, რომ ავიღოთ რამდენიმე ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, აქედან გამომდინარეც შეიძლება, იმსჯელოს ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რა შეკითხვები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას – სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც ის ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე. მეორე – „გირჩის“ კრიტიკა, რომ წვევამდელების 50-ლარიანი ანაზღაურება გავზარდეთ 560 ლარამდე და რატომ არ არის ანაზღაურება 1 200 ლარი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულობა უწყებას მეტ მოტივაციას აძლევს, რომ აბსურდული კრიტიკის სივრცეც არ დარჩეს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.