ჯუანშერ ბურჭულაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას
ჯუანშერ ბურჭულაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სიცრუე და აბსურდია, თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს შეახსენა ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეს კი, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს. მან ასევე მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.

„საქართველო არის გადასარჩენი. მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.