ჯუანშერ ბურჭულაძე - ხიდი ეწყობა, რათა უფრო მარტივად ვიმოძრაოთ, საორგანიზაციო საკითხები დასრულებული გვაქვს, სისტემაში მოვიყვანეთ დღის წესრიგი, მიმდინარე სამუშაოები გვაჩვენებს, რა ცვლილებაა საჭირო
ხიდი ეწყობა, რათა უფრო მარტივად ვიმოძრაოთ, საორგანიზაციო საკითხები დასრულებული გვაქვს, სისტემაში მოვიყვანეთ დღის წესრიგი და ასე გავაგრძელებთ, მიმდინარე სამუშაოები გვაჩვენებს, რა ცვლილებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა.
ბურჭულაძის თქმით, არიან რეზერვისტები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც იციან ხიდის გაშლა.
„საბრძოლო-საინჟინრო ასეულს ვინაიდან აქვს სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც გადმოცემული გვაქვს პარტნიორებისგან და შეძენილია ჩვენი რესურსებით, მათ გამოყენებას შესაბამისი სწავლება სჭირდება და მათ გარეშე ამ აღჭურვილობას ჩვენ ვერ გამოვიყენებთ. ჩართულია დასავლეთ სარდლობის მესამე ბრიგადის შემადგენლობა. ერთი ასეული და ერთი გვარდიის მომზადებული ასეული, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ ლოკაციაზე და იქ მუშაობენ. გარდა ამისა, ჩვენი ტექნიკაც ჩართულია და ვეხმარებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ჩვენც გვაქვს აღებული ჩვენი მონაკვეთი, სადაც ვმუშაობთ.
მინდა, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს ეს ტრაგედია. ამდენი დაღუპული არის ჩვენი ქვეყნის, ერის ტრაგედია. დღეს, ფაქტობრივად, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ვიპოვოთ გარდაცვლილები, ამაზე დიდი ტრაგედია წარმოუდგენელია. რამდენიმე მიცვალებული იდენტიფიცირებულია, მათ ოჯახებს ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ.
გუშინვე გავჭერით გზა, რათა მძიმე ტექნიკა გადასულიყო. 10 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა უკვე გადასულია და მუშაობს, გუშინაც მუშაობდა. ამ თვალსაზრისით, შეფერხება არ გვაქვს. ახლა ხიდს აწყობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რათა უფრო მარტივად ვიმოძრაოთ და მობილობა გაგვიმარტივდეს. საორგანიზაციო საკითხები დასრულებული გვაქვს, სისტემაში მოვიყვანეთ ჩვენი დღის წესრიგი და ასე გავაგრძელებთ. მიმდინარე სამუშაოები გვაჩვენებს, რა ცვლილებაა საჭირო და ასე ვიმოქმედებთ.
არიან რეზერვისტები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც იციან ხიდის გაშლა, ეს დაკავშირებულია იმ სპეციფიურ აღჭურვილობასთან, რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ადამიანური რესურსის საჭიროება თუ აღარ იქნება, სამხედროები სტიქიის ადგილიდან გამოვლენ.
„თუ ვნახავთ, რომ ადამიანური რესურსი აღარ არის საჭირო და მხოლოდ მძიმე ტექნიკამ უნდა იმუშაოს, ჩვენ გამოვალთ. ამ ეტაპზე ჩანს, რომ, სულ მცირე, ორი-სამი დღე საჭირო იქნება ადამიანური რესურსის ჩართვა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.