ჯუანშერ ბურჭულაძე - ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი, ეს არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზე, ნაბიჯი იმ მიზნისთვის, რასაც ჰქვია ნატო
ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი, ეს არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზე, ნაბიჯი იმ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და იმ მიზნისთვის, რასაც ჰქვია ნატო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა.
მინისტრმა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე, რეგიონსა და საქართველოში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა საფრთხეების ინტენსივობა გაზარდა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს პრობლემები უფრო აქტუალური გახადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს რეგიონში ურთულესი გამოწვევების წინაშე. უკრაინის ომმა ეს გამოწვევები კიდევ უფრო აქტუალურ ფაზაში გადაიყვანა. გააქტიურებულია ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე ათეულობით წლების განმავლობაში არსებობდა და ჩვენ რა თქმა უნდა, ამ გამოწვევებს უნდა შევხვდეთ ახალი მზადყოფნითა და ახალი პასუხებით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, გახდეს იმ ცივილური სამყაროს ნაწილი, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული. მზადყოფნის დონისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროცესში, მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან პრაქტიკული თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და უკანასკნელ პერიოდში ამ კუთხით თავდაცვის უწყების მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.
„თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. პარტნიორებთან ერთად ისეთი ინსტიტუციური სისტემა ჩამოვაყალიბეთ, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი უნდა დაშენდეს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.