ჯუანშერ ბურჭულაძე - დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოზე გაამახვილა ყურადღება და ამ ფონზე საზოგადოებას თავდაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები გააცნო.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყების გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და დასახული გეგმები საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმო და რუსეთის ქმედება გლობალური წესრიგისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს გამოწვევად შეაფასა:
„აღნიშნული ომი რუსეთის რევიზიონისტული ქმედებების გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გამხდარა. დღესაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. პარალელურად საქართველო წლების განმავლობაში მუდმივად განიცდის ზეწოლას ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, „მცოცავი ოკუპაციით“, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზეგავლენის მოხდენას“. რუსეთის ფედერაციის მცდელობების, აგრესიული პოლიტიკური ამბიციების განხორციელების პირისპირ, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მხრიდან პრაგმატული და ამავდროულად პრინციპული პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის რეალიზებას გულისხმობს: „განსაკუთრებით დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა. აღნიშნული გამოწვევები მოითხოვს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას და ჩვენი საზოგადოების ურყევი ღირებულებითი არჩევანის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული განაცხადი, დაკმაყოფილების შემთხვევაში, არა მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ერის პოლიტიკურ-ღირებულებითი არჩევანის გზაზე, გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობას, არამედ, გააძლიერებს უსაფრთხოების კომპონენტს“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.