ჯუანშერ ბურჭულაძე - მიყენებული ზიანის გამო, დღემდე ვერ გამოვასწორეთ უწყების ფინანსური ანგარიშგება, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა, ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა
დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
„ხუთი მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. კიდევ ასობით მილიონია დებიტორულ დავალიანებაში. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით და რომელი ყაჩაღობით გამოწვეული. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, – განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქმე ეხება არა ერთი პირის მიერ განხორციელებულ ქურდობას, არამედ ყოფილი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ძარცვას.
ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შესაძლოა, დამატებით იყოს ისეთი საქმე, რომელიც გამოწვეულია ძარცვის შედეგად.
„ვცდილობთ, მოვიძიოთ დოკუმენტები საქმეებზე, შესყიდვებზე და ჩამოვწეროთ დებიტორული დავალიანებიდან, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.