ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა
ჩვენი პირველი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს ქმნის გარანტიებსაც და მეორე მხრივ, ქმნის იმ პერსპექტივას, რომ ჩვენ გავხდეთ კოლექტიური უსაფრთხოების წევრი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები კარგად არის გასააზრებელი და ამისთვის შესარჩევია კონკრეტული დრო. ვერავინ იფიქრებდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ასე მარტივად, ყოველგვარი ასე ვთქვათ, ზედმეტი ფასის გადახდის გარეშე მოახერხებდნენ და გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. დარწმუნებული ვარ, ჩვენც გვექნება ამის საშუალება და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ქვეყანა უნდა მიისწრაფოდეს კოლექტიური
უსაფრთხოებისკენ, რომ შექმნას საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება, გარანტიები და პირობები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კოლექტიური უსაფრთხოების წევრობა შეიძლება, პირდაპირ კავშირში იყოს რისკებთან, კონფლიქტთან და ომთან, აქ უკვე ლოგიკას ვერ ხედავს.
„ასე რომ, ჩვენ ვიმოქმედებთ მოზომილი ნაბიჯებით და მივაღწევთ საბოლოო მიზანს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი შეიძლება, იყოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინაში ომის შემდგომ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მომავალი ევროპაში იქნება მშვიდობიანი.