ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-ს თავდაცვის მდივანთან საუბრისას აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის წითელ ხაზებს არასდროს გადაკვეთს
ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-ს თავდაცვის მდივანთან საუბრისას აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის წითელ ხაზებს არასდროს გადაკვეთს

აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთან პარტნიორობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

საქართველოს თვადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო.

„რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ნაწილს, საუბრისასაც აღინიშნა, რომ ჩვენი უწყება არ შევა სიღრმეებში. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი ხელისუფლება არასდროს გადაკვეთს დემოკრატიის წითელ ხაზებს. სატელეფონო საუბარი, გაცვლითი ვიზიტები, პორტში მათი ფლოტის ვიზიტები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის დასაცავად რეგიონში და კერძოდ, ჩვენი პარტნიორობისთვის. ბუნებრივია, ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული რისკები იზრდება რეგიონში და ეს ჩემი პირადი აზრით უფრო ხელს შეუწყობს ნატოში ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის განმარტებით, საქართველო მესამე ქვეყანაა ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ, რომელთანაც აშშ- ის თავდაცვის მდივნის სატელეფონო საუბარი შედგა.

„გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს ჩვენს პარტნიორობას, თანამშრომლობას, ასევე იყო დიდი გამოხმაურება „ტვიტერზეც“, რაც ძალიან იშვიათია. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორობაზე, ავღანეთის მისიაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენი როლი ფასდაუდებელია. რა თქმა უნდა პირობა მივეცით, რომ ავღანეთში ვიქნებით ვიდრე მისია არ დასრულდება. მზად ვართ, ყველგან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით ვიბრძოლოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ბუნებრივია, საუბრისას ჩვენ შევეხეთ რუსულ აგრესიას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. რა თქმა უნდა, შევეხეთ საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასაც. ყველა ეს საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ჭრილში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდაპოლიტიკური ვითარება. ორივე მხარის ინტერესში შედის, რომ თავდაცვის უწყებას ყოველთვის ჰქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. ამის გარანტი პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრია. რა თქმა უნდა მეც და ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ეს გზავნილი უწყვეტ რეჟიმში ვრცელდება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგის გზავნილებსაც გამოეხმაურა.

„რუსეთის ის გარემოება, რაც შეიქმნა დღეს ჩვენს რეგიონში, უფრო მეტად აფიქრებს ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.