ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი, მტკიცე დასტურია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს საქართველოში იმყოფება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მინდა, მადლობა გადავუხადო მას და აღვნიშნო, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია.
ჩვენ გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონში და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები, გამოწვევები, და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა.
მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ასევე განვიხილეთ საერთაშორისო მისიებში თავდაცვის ძალების მრავალწლიანი კონტრიბუციის შედეგად მიღებული გამოცდილება, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული პატივისცემა და მეგობრობა, რაც ჩვენს სამხედროებს შორის წლების განმავლობაში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ბურჭულაძის განცხადებით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.
„მიმოვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც არის საფუძველი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ერთობლივად ხელი მოვაწერეთ. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავებისა და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.
აღნიშნულ კონტექსტში საფუძვლიანად მიმოვიხილეთ შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხები. საბრძოლო მზადყოფნისა და მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარების მიზნით, გადავედით თავდაცვით გრძელვადიან დაგეგმვაზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანს გააცნო ათწლიანი განვითარების ციკლი, რომლიც საქართველოს თავდაცვის ძალების ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.
„ეს მიდგომა ხელს შეუწყობს დღეს გაფორმებული მემორანდუმის განხორციელებას გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას, ასევე საშუალებას გვაძლევს რაციონალურად გადავანაწილოთ როგორც ჩვენი სახელმწიფო რესურსი, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მზარდი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სრულად ემსახურება „მეტი ნატო საქართველოში“ და „მეტი საქართველო ნატოში“ პრინციპს.
ვისაუბრეთ აშშ-ისა და საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულების პროგრესს ემსახურება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და მისი ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი – საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც აშშ-ის არსებითი თანადაფინანსებით ხორციელდება და უკვე სთავაზობს მაღალი დონის მზადყოფნაზე ორიენტირებულ საწვრთნელ შესაძლებლობებს. ხოლო უახლოეს მომავალში ცენტრი ტრანსფორმირდება მსოფლიო დონის ნატო-ს სტანდარტის საწვრთნელ ცენტრად.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თავდაცვის მდივანს საქართველოს სახელით, აშშ-ის მთავრობას, იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრი ქვეყნის, მიმართ ისინი იჩენენ. თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.