ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.
„თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს სამაგალითო პარტნიორობისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. აღინიშნა აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრნენ.