საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ჯოზეფ ბორელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, დმიტრო კულებასთან საუბრისას უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი განიხილეს.
„ბოგოტაში დღე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრით დავიწყე. ჩვენ განვიხილეთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული, უკრაინის პირობებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 26 აპრილს უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.