ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა.
„მკაცრად ვგმობ დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი სატვირთო მანქანის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი და რამდენიმე კი დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყვნენ სამიზნე. რუსეთი პასუხს აგებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევისთვის”,- წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქში, სოფელ ვეროლიუბოვკის დაბომბვის შედეგად ორგანიზაციის სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. „წითელი ჯვრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა იმ ადგილას, სადაც დაგეგმილი იყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება.