საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აია სოფიას მეჩეთად გამოცხადებას დასანანი უწოდა.
„აია სოფიას დიდი სიმბოლური, ისტორიული და უნივერსალური ღირებულება აქვს. თურქეთს კულტურის კონსერვაციისა და ინტელექტუალური და კულტურული მიმღებლობის კარგი ტრადიცია აქვს დამკვიდრებული.
თურქეთის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე პრეზიდენტ ერდოღანის მიერ მონუმენტის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფლებამოსილების ქვეშ მოქცევა, დასანანია.
როგორც ცივილიზაციათა ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, თურქეთი ვალდებულია, ხელი შეუწყოს რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგს ტოლერანტობისა და თანაარსებობის გასაღვივებლად“, – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს აია სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.