ჯოზეფ ბორელი - ზამთარი მოდის და პუტინი ელოდება, რომ „გენერალი ზამთარი“ მოვა და რუსეთის არმიას დაეხმარება
ზამთარი მოდის და პუტინი ელოდება, რომ „გენერალი ზამთარი“ მოვა და რუსეთის არმიას დაეხმარება, – ამის შესახებ გერმანიაში, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი შვიდეულის შეხვედრა იმართება მაშინ, როდესაც „ჩვენ უფრო მეტად ვსაუბრობთ ომზე, ვიდრე მშვიდობაზე“.
ბორელის თქმით, პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში ბრძოლის ველზე, ამიტომ ქვეყნის განადგურებას ცდილობს.
„ისინი ბომბავენ, ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მილიონობით უკრაინელს აღარ აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე და პუტინს სურს, რომ ქვეყანა ზამთრის პერიოდში ჩააბნელოს. ეს ომის დანაშაულია”, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, სამხედრო, ფინანსური და ეკონომიკური გზით. მისი თქმით, ასევე საჭიროა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება.
„ზამთარი მოდის და პუტინი ელოდება, რომ „გენერალი ზამთარი“ მოვა და დაეხმარება რუსეთის არმიას. ახლა ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ მათ”, – განაცხადა ბორელმა.