ჯოზეფ ბორელი - ყურანის ან წმინდად მიჩნეული სხვა წიგნის შეურაცხყოფა არის უპატივცემულობა და აშკარა პროვოკაცია
ჯოზეფ ბორელი - ყურანის ან წმინდად მიჩნეული სხვა წიგნის შეურაცხყოფა არის უპატივცემულობა და აშკარა პროვოკაცია

დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვის ფაქტებთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი განცხადებას ავრცელებს. ის ცალკეული ინდივიდების მიერ ყურანის დაწვას პროვოკაციას უწოდებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროპაში რამდენიმე პირის მიერ ჩადენილმა ბოლო ქმედებებმა მრავალ მუსლიმს შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ბორელი აღნიშნავს, მრავალფეროვნების პატივისცემა არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულება.

„ევროკავშირი ადასტურებს რელიგიური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წაქეზების ნებისმიერი ფორმის ძლიერ და მტკიცე უარყოფას. მრავალფეროვნების პატივისცემა არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულება. ეს მოიცავს სხვა რელიგიური თემის პატივისცემას. ყურანის ან წმინდად მიჩნეული სხვა წიგნის შეურაცხყოფა არის შეურაცხმყოფელი, უპატივცემულობა და აშკარა პროვოკაცია. რასიზმის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის გამოხატვას ევროკავშირში ადგილი არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ რელიგიის ან რწმენის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას შინ თუ გარეთ, თუმცა ყველაფერი არ არის ეთიკური, რაც კანონიერია“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ევროპელი დიპლომატის თქმით, ახლა ერთად დგომის დროა ურთიერთპატივისცემისა და გაგებისთვის.

„ინდივიდუალური პროვოკატორების მიერ ჩადენილ ამ აქტებს სარგებელი მოაქვთ მხოლოდ მათთვის, ვისაც ჩვენი და ჩვენი საზოგადოებების დაყოფა სურთ“, – აღნიშნავს ბორელი.

შვედეთსა და დანიაში ბოლო დღეებში ყურანის დაწვის რამდენიმე ფაქტს ისლამურ ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.