ჯოზეფ ბორელი ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩავიდა
ჯოზეფ ბორელი ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ყაზახეთსა და უზბეკეთს ესტუმრა. ბორელი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ევროკავშირისთვის ცენტრალური აზიის რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის ფონზე, ყაზახეთთან პარტნიორობა გადამწყვეტია დღეს არსებული გამოწვევების დასაძლევად. მისივე თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, გააძლიეროს თანამშრომლობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ გაერო-ს ქარტიას და მის უმთავრეს პრინციპებს, მათ შორის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასტანიდან ბორელი სამარყანდში ჩავიდა, სადაც თავის უზბეკ კოლეგას შეხვდა. 18 ნოემბერს კი ევროკავშირის მაღალჩინოსანი გახსნის ევროკავშირი-ცენტრალური​ აზიის დაკავშირების კონფერენციას – „გლობალური კარიბჭე“, სადაც საუბარი იქნება ევროპისა და ცენტრალური აზიის ციფრულ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებაზე. ევროკავშირს სურს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად რეგიონში ინვესტიციების დაბანდების სტიმულირება მოახდინოს.