ჯოზეფ ბორელი - ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში
ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც, როტაციული პრინციპით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი არ მიუღია.
„ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით აისახება ევროპის საბჭოს არაერთ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს“, – განაცხადა ბორელმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანი დღეს მოსკოვში ჩავა.
აღნიშნულ ინფორმაციას ევროპელი ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ორბანს მიმართა: „მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები, არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.