ჯოზეფ ბორელი - უნგრეთს ევროკავშირის წევრობას არავინ ავალდებულებს, ეს არის თავისუფალი არჩევანი
უნგრეთს არავინ ავალდებულებს ევროკავშირის წევრობას, ეს არის თავისუფალი არჩევანი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კონფერენციაზე „ევროპა და მსოფლიო“ განაცხადა.
ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, როდესაც ევროკავშირში ქვეყნის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.
„უნგრეთმა ბევრი რამ იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. სამწუხაროდ, უნგრეთმა ბევრი იცის იმის შესახებ, რა არის ოკუპაცია. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი ქუჩაში რუსული ტანკებით. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. ასე რომ, მან უნდა იცოდეს, რის შესახებ საუბრობს. გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხედავ რამე მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და იმას შორის, რაც ბერლემონტში (ევროკომისიის შტაბბინა ბრიუსელში) ხდება. მე იქ არცერთი ტანკი და არანაირი იარაღი არ მინახავს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს ევროკავშირის წევრობას არავინ ავალდებულებს. ეს არის თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა ბორელმა.