ჯოზეფ ბორელი - უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპა აშშ-ს ვერ ჩაანაცვლებს
უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპა აშშ-ს ვერ ჩაანაცვლებს, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.
ბორელის თქმით, ევროპა ზრდის უკრაინის მხარდაჭერას, არსებობს შეთავაზება, რომ უკრაინას გადაეცეს 50 მილიარდი ევრო სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის და 20 მილიარდი – სამხედრო მხარდაჭერისთვის.
„მე გახლდით კიევში, როდესაც გავიგეთ, რომ აშშ-ის კონგრესმა არ შეიტანა ბიუჯეტის გარშემო მიღწეულ შეთანხმებაში უკრაინის მხარდაჭერა. ეს იყო მოულოდნელი და არ იყო კარგი ამბავი, მაგრამ არსებობს იმედი, რომ ეს არ იქნება აშშ-ის საბოლოო პოზიცია. უკრაინას სჭირდება ევროკავშირის დახმარება და ის მას ექნება, ჩვენ ამ დახმარებას გავზრდით, მაგრამ უკრაინას ასევე სჭირდება აშშ-ის დახმარება. იმედი მაქვს, უკრაინელებსაც იგივე იმედი აქვთ – და ვფიქრობ, ასეთივე იმედი აქვს ყველას, ვისაც არ სურს, რომ ომში პუტინმა გაიმარჯვოს – რომ გამოინახება გზა, აშშ დაუბრუნდეს ამ საკითხს და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ევროპას არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება. ევროპა ზრდის უკრაინის მხარდაჭერას. არსებობს შეთავაზება, რომ უკრაინას გადაეცეს 50 მილიარდი ევრო სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის და 20 მილიარდი – სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩვენ ეს ისე გავაკეთეთ, რომ არ დავლოდებივართ აშშ-ის გადაწყვეტილებებს. ცხადია, ჩვენ მეტის გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ აშშ-მა ძალიან არსებითი რამ გააკეთა უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ბორელმა.