ჯოზეფ ბორელი - უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, განადგურდა კიევის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო, უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება
უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშებს ეხმაურება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი.
ბორელის თქმით, „რუსეთი ისევ დაუნდობლად აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას“.
„დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, განადგურდა კიევის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო, „ოხმატდეტი“. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხისმგებელი იქნება“, – წერს ბორელი.
ბოლო მონაცემებით, კიევში რუსეთის სარაკეტო დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია 66 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი დაღუპული ექიმია. სარაკეტო იერიშის შედეგად, ბავშვთა საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დღეს, რუსეთის არმიამ რაკეტებით დაბომბა ქალაქი კრივოი როგიც, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. მსხვერპლთა შორის ექვსი მამაკაცი და ოთხი ქალია. რუსეთის არმიის სამიზნე გახდა სლავიანსკი და კრამატორსკიც.
საერთო ჯამში, უკრაინაში დღეს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე შეტევა 38 ჰიპერბგერითი და სტრატეგიული რაკეტით განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.