ჯოზეფ ბორელი - უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი ამ გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება, ბევრი ანალიტიკოსი რუსეთის მთავარ შეტევას ზაფხულში ვარაუდობს, უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის არჩევნებს
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი ამ გაზაფხულზე და ზაფხულში გადაწყდება – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის უზრუნველყოფა გადაუდებელი აუცილებლობაა.
როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი გზავნილი აშშ-ის პოლიტიკოსებისთვის იყო: „რისი გაკეთებაც აუცილებელია, სწრაფად უნდა გაკეთდეს“.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ, უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი და სწრაფად, ამიტომ ვზრდით სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ასევე ეხება აშშ-ს. მომდევნო თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ელოდება რუსეთის მთავარ შეტევას ამ ზაფხულს და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის მომდევნო არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კომფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს ისრაელზე, რათა მეტი დახმარება დაუშვას ღაზის სექტორში.
„ჩვენ ველით, რომ აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს და უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს ისრაელზე, რათა გახსნას საზღვრები და არ შეაფერხოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ გავზარდეთ ჰუმანიტარული მხარდაჭერა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფაქტი, რომელიც ყველამ აღიარა, არის ის, რომ ისრაელის მთავრობა აშკარად აფერხებს ჰუმანიტარულ წვდომას“, – განაცხადა ბორელმა.