ჯოზეფ ბორელი - უკრაინას ახლა სჭირდება უფრო მეტი სამხედრო დახმარება, რომ დაიცვას თავისი ქალაქები, მოქალაქეები და ინფრასტრუქტურა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიშს ეხმაურება.
ჯოზეფ ბორელი წერს, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში სამოქალაქო ობიექტზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებზე რუსეთის პასუხისმგებლობას. უკრაინას ახლა სჭირდება უფრო მეტი სამხედრო დახმარება, რომ დაიცვას თავისი ქალაქები, მოქალაქეები და ინფრასტრუქტურა“, – წერს ბორელი.
9 აგვისტოს რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიიტანა იერიში. დაიღუპა 14 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის სავარაუდოდ არიან ბავშვებიც. დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩნდა ხანძარი, თუმცა მაშველებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.