ჯოზეფ ბორელი - „თალიბანმა“ მოიგო ომი, ამიტომ უნდა ვესაუბროთ მათ, რათა ავირიდოთ ჰუმანიტარული კრიზისი და პოტენციური მიგრაციული კატასტროფა
ჯოზეფ ბორელი - „თალიბანმა“ მოიგო ომი, ამიტომ უნდა ვესაუბროთ მათ, რათა ავირიდოთ ჰუმანიტარული კრიზისი და პოტენციური მიგრაციული კატასტროფა

ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციის თაობაზე „თალიბანთან“ მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ალიანსის წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

„თალიბანმა მოიგო ომი, ამიტომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ, რათა ჩავრთოთ დიალოგში რაც შეიძლება მალე, რომ ავირიდოთ ჰუმანიტარული და პოტენციური მიგრაციული კატასტროფა, ასევე ჰუმანიტარული კრიზისი“ – განაცხადა ბორელმა.

ბორელის განმარტებით, ამჟამად პრიორიტეტს ქვეყანაში დარჩენილი ევროპელებისა და იმ ავღანელების უსაფრთხოდ ევაკუაცია წარმოადგენს, რომლებიც მათთან გასული 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და ახლა ქვეყნის დატოვება სურთ.

„ჩვენ ვერ მივატოვებთ მათ და გავაკეთებთ ყველაფერს მათ ჩამოსაყვანად, რათა შევთავაზოთ მათ თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – აღნიშნავს ბორელი.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ავღანელ ლტოლვილებს თავდაპირველად ესპანეთი მიიღებს, რომელიც ერთგვარი ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, ვიდრე ისინი გაერთიანების სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდებიან.

ბორელის განმარტებით, ეს არ გულისხმობს „თალიბანის“ აღიარებას, ეს გულისხმობს ავღანელების დაცვას, მათ შორის, ქალებისა და გოგონების, ამისათვის კი, ბორელის თქმით, მათთან კავშირზე გასვლაა საჭირო.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთის მისიის მიზანი ალ-ქაიდას განადგურება იყო, რაც მოგვიანებით თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობით ჩანაცვლდა.

„სახელმწიფოსი, რომელსაც ადამიანების, განსაკუთრებით კი, ქალებისა და გოგონების თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის გარანტია უნდა შეძლებოდა. დღეს, 20 წლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისიის პირველი ნაწილი წარმატებული იყო, მეორე – არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.