ჯოზეფ ბორელი ტაივანის სრუტეში ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირების ინიციატივით გამოვიდა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ტაივანის სრუტეში ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირების ინიციატივით გამოვიდა.
ბორელი მიიჩნევს, რომ ევროპა ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ტაივანის საკითხში.
მისივე განცხადებით, ევროკავშირისთვის ტაივანი მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით.
„სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ევროპულ საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ, რათა აჩვენონ ევროპის ერთგულება ნაოსნობის თავისუფლებისადმი ამ აბსოლუტურად მნიშვნელოვან ზონაში. ამასთან, ფხიზლად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისა და ფსონების გაზრდის წინააღმდეგ. ტაივანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი სტატუს კვო ყველაზე შესაფერისი გამოსავალია. მოდით, მტკიცედ ვიყოთ ამ პრინციპის დაცვაში“, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.