ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას ულტრამემარჯვენეები მიაღწევენ
ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას ულტრამემარჯვენეები მიაღწევენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წელს ისეთივე საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს, როგორც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები.
ევროპელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენე პარტიების მიერ მიღწეულ წარმატებაზე, რაც მისივე თქმით, დაკავშირებულია მიგრაციის გამო შეშფოთებითა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით.
„ევროპა არის მაგნიტი ასობით ათასი ადამიანისთვის, რომლებსაც სურთ ევროპაში ცხოვრება. ეს იოლადაა გასაგები, თუ შევადარებთ ცხოვრების ხარისხს. ჩვენ ვართ პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და სოციალური ერთიანობის საუკეთესო თანხვედრა, რაც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. მე მეშინია შიშის. მეშინია ევროპელების არჩევანის, რადგანაც მათ ეშინიათ. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ შიში უცნობისა და გაურკვეველის მიმართ წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც იწვევს პასუხს. ეს ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ომის ბოროტ დანაშაულებს და ეს იწვევს ჰორმონალურ აქტივობას, რომელიც მიმართულია შიშისკენ. პარტიებს, რომელთაც შეუძლიათ ამ შიშით თამაში და კარგ შეკითხვებზე ცუდ პასუხებს იძლევიან, შეუძლიათ, ევროპელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება“, – განაცხადა ბორელმა.
ევროპარლამენტის არჩევნები მომავალი წლის 6-9 ივნისს გაიმართება.