ჯოზეფ ბორელი - შევთანხმდით, რომ უნგრეთის კონტრიბუცია ევროპულ მშვიდობის ფონდში არ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის
არ ვისპეკულირებ, რა მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს ერთ წევრ ქვეყანას, მხარი დაუჭიროს ან გაამართლოს მისი უთანხმოება იურიდიულ დოკუმენტზე, შვიდი იურიდიული დოკუმენტი მაქვს, რომელიც დამტკიცებას ელოდება, რათა მოხდეს რესურსების მობილიზება, რომ შევძლოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი დაყოვნება შეიძლება, გაიზომოს ადამიანური სიცოცხლით.
„ყველა ამბობს, რომ ჩვენ არ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომ დროულად არ უზრუნველყოფთ, შვიდი იურიდიული დოკუმენტი მაქვს დასამტკიცებელი იმისთვის, რომ მოვახდინოთ ხუთი მილიარდი ევროს მობილიზება, რათა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ეს დაყოვნება შეიძლება, გაიზომოს ადამიანური სიცოცხლით, ეს არ არის ფინანსური პრობლემა. დიახ, შეიძლება, წევრ სახელმწიფოს ჰქონდეს მიზეზები ან არგუმენტები, რომ არ ეთანხმებოდეს რამეს, და სხვა საკითხის განხილვა სურდეს, რომელიც რელევანტური არ არის, მაგრამ დღეს ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ თქვა, რომ ეს უნდა იყოს პროპორციული, უნდა იყოს პროპორცია შენს ლეგიტიმურ წუხილს და იმ საკითხებს შორის, რომლებზეც სხვებს არ აძლევ უფლებას, რომ გააკეთონ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უნგრეთის კონტრიბუცია ევროპულ მშვიდობის ფონდში არ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ეს უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჩვენი წესების მიხედვით, ისე როგორც ჩვენ ახლა ვახდენთ ამ წესების ინტერპრეტირებას, გვჭირდება ერთსულოვნება, რომ მივიღოთ ეს შვიდი იურიდიული დოკუმენტი. არის იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც მე მჭირდება, რათა გაყინული აქტივებიდან შემოსავლების კონვერტირება მოვახდინოთ იარაღში. ეს წარედგინება ამ კვირაში. არ მინდა, სპეკულირება, რა პოზიცია ექნებათ წევრ სახელმწიფოებს, მაგრამ მინდა, ვთხოვო მათ, არ დაბლოკოთ ის“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელს შემდეგი კითხვა დაუსვეს: „უნგრეთის მთავრობა ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკა მესამე მსოფლიო ომის ზღვართან მისვლაა, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ასევე, ევროკავშირი ფიქრობს თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევის შემოღებაზე, როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტომ თქვა?“
„ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ ძალიან შორს ვართ ასეთი ძალაუფლებისგან. მე წავიკითხე გაზეთში, რომ ბრიტანეთი ფიქრობს ამაზე, მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია და არც ფიქრობს ამაზე, ეს ჩვენს შესაძლებლობებს მიღმაა. რაც შეეხება ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინის ომთან მიმართებაში. ეს ძალიან საინტერესო განსახილველია ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურების დონეზე, ეს უნდა განიხილებოდეს იქ, სადაც სახელმწიფოების ლიდერები სხედან და განიხილავენ. ჩვენი დონე გაცილებით დაბალია, მეტად მოკრძალებული დონეა, ჩვენ არ უნდა განვიხილავდეთ სხვა საკითხებს. თუ წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ შექმნას ფონდი, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს, სხვათა შორის, გადაწყვეტილი იყო ევროკავშირის საბჭოზე, ჩემი მოვალეობა და მინისტრების მოვალეობაა, რომ ის შევასრულოთ და დავძლიოთ წინააღმდეგობა, რაც ამის შესრულების დროს შეიძლება, იყოს. ფილოსოფიური განხილვა მესამე მსოფლიო ომზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ ის ნამდვილად არ იყო დღის წესრიგში დღეს“, – განაცხადა ბორელმა.
ასევე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს უკრაინის დახმარების საკითხზეც იმსჯელეს. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაესწრო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმაღლესმა ევროკომისარმა განაცხადა, მათ განიხილეს უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისა და დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვის მოხსნის საკითხი.
ბორელის თქმით, ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება. შეხვედრაზე დმიტრო კულებამ მათ წარმოუდგინა ხარკოვში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი მასალები.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საჭიროებები შემდგომი თავდაცვისთვის, კერძოდ, მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, „პეტრიოტები“, ასევე შეზღუდვების მოხსნა დასავლური იარაღის რუსი სამხედროების მიმართ რუსეთში გამოყენებაზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ხსნის ამ შეზღუდვას, რათა უკრაინამ შეძლოს სამხედრო დახმარების გამოყენება მის ტერიტორიებზე დარტყმების საპასუხოდ და ეს მხოლოდ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეხება“, – განაცხადა ბორელმა.