ჯოზეფ ბორელი - შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რათა დასრულდეს ეს ტრაგედია და ყველა მძევალი დაბრუნდეს სახლში
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების მკვლელობასთან დაკაშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„შეძრწუნებული ვარ „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრებიც ღაზაში იპოვეს. ეს ახალგაზრდა, უდანაშაულო მამაკაცები და ქალები დიდი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყვნენ უსაფრთხოდ თავიანთ ოჯახებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მძევალს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რათა დასრულდეს ეს ტრაგედია და ყველა მძევალი დაბრუნდეს სახლში“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული „ჰამასის“ პოზიციის გამო.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. მძევლებს შორის არის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, 23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ექვსივე მძევალი „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ერთი ან ორი დღით ადრე მოკლა, ვიდრე ჯარისკაცები მათ იპოვიდნენ.