ჯოზეფ ბორელი - საქართველოზე გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ზომების მიღება, ხელისუფლება თუ განაგრძობს იმავე გზას, რასაც აკეთებს, კარი დაიხურება
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბორელის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება.
„საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ ხელისუფლება თუ განაგრძობს იმავე გზას, განაგრძობს იმას, რასაც აკეთებს ახლა, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის საფასურს, ხალხი იზარალებს. ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა, შესაძლოა, შემცირდეს ან დაიხუროს. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ევროკავშირის კარი ღია არ იქნება.
დღეს მე დოკუმენტს წარვუდგენ მინისტრებს, სადაც განვმარტავ სხვადასხვა საკითხს, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა ეს არ გაგრძელდეს საქართველოში. დღეს გადაწყვეტილებები არ იქნება, რადგან დღეს საორიენტაციო დებატებია. როგორც ვთქვი, მაგიდაზე დავდე სრული ანალიზი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ამას მინისტრები განიხილავენ. ასე რომ, დღეს ნუ ელოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის დებატები, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ზომების მიღება. მაგალითად, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა ან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ფინანსური მხარდაჭერის გარკვეული ნაწილის შეწყვეტის განხილვა, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ არ გვინდა, მეტი ტკივილი მივაყენოთ ხალხს, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, როგორი იყო მინისტრების რეაქცია ჩემს წინადადებებზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
დღეს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოც.