ჯოზეფ ბორელი - საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს
ჯოზეფ ბორელი - საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბორელის თქმით, ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა.

„საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. ადგილობრივი თემები კვლავ იტანჯებიან ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების გამო. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა წარმომავლობის ადგილებში დასაბრუნებლად დაბრკოლებები კვლავ არსებობს“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი სრულად არის ჩართული კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულების მისაღწევად. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, აირჩიონ მდგრადი გადაწყვეტილება, მათ შორის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, – აცხადებს ბორელი.

როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას ასევე ხელი შეუწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლით.

„2024 წლის დეკემბრამდე ხელახლა განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება ადგილზე ერთადერთ საერთაშორისო მისიად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშესაწყობად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას, დარჩეს ჩართული საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში და ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.