ჯოზეფ ბორელი - საქართველოში გავგზავნით ტექნიკურ მისიას, ასევე მოვიწვევთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე
ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოს უახლესმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარე მთავრობის პირობებში. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირის გზას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და ქვეყნის მიზანს, იყოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ, ყველას ერთი რამ გვინდა საქართველოსთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ საქართველოში გავგზავნით მისიას, ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს. მთავრობამ უნდა გადამწყვეტი ცვლილებები განახორციელოს. საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში კონკრეტული ცვლილებების გარეშე. ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. და საქართველოს ხალხს მინდა გავუმეორო, რაც გასულ წელს, ჩემი საქართველოში ვიზიტისას ვთქვი: ევროკავშირის კარი ღია დარჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი კანონის უზენაესობის პატივისცემისა და ძირითადი პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, გავლენას მოახდენს მის ევროინტეგრაციის გეგმაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
კითხვაზე, რატომ ფიქრობს, რომ აღნიშნული არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და აშორებს ევროკავშირს, ბორელმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი აგზავნის საქართველოში მისიას იმის შესასწავლად, თუ რა მოხდა, ასევე მოიწვევენ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს.
„როგორც ვთქვი, ჩვენ ვაგზავნით მისიას, პოლიტიკურ მისიას საქართველოში, რათა საფუძვლიანად შევისწავლოთ, რა მოხდა. ჩვენ შევაჩერეთ ფინანსური მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ ასევე შევაჩერეთ დაახლოებით 120 მლნ ევროს მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ მთავრობას უნდა გადასცემოდა. ახლა ეს სახსრები მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების პროგრამებისთვის და ქართველი ხალხის პირდაპირი სარგებლისთვის. ჩვენ შევისწავლით ყველა გამოვლენილ დარღვევას. ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ აგვიხსნას თუ რა მოხდა“, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის მიერ საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, კერძოდ, მისია იქნება ტექნიკური თუ პოლიტიკური, ბორელმა აღნიშნა, რომ მისია იქნება ტექნიკური ხასიათის.
„ეს არის ტექნიკური მისია და ამ ტექნიკური მისიის მიზანია მდგომარეობის ანალიზი ადგილზე, თუ რა ხდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც სადავოა. ის სადავოდ ჩათვლილია თავად პრეზიდენტის მიერ. აშკარაა, რომ არჩევნების შედეგმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში უკუსვლის გამო. მდგომარეობა ადგილზე უნდა იქნას შემოწმებული, გაანალიზებული და სწორედ ეს არის ტექნიკური მისიების არსი. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია. არავის შეუძლია, უკეთესად აღწეროს ის, რაც ადგილზე მოხდა და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შეჩერების ღონისძიებები. მხარდაჭერისა და დახმარების შეჩერება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში. ჩვენ გამოვიკვლევთ მდგომარეობას, გადავხედავთ ყველა განცხადებას და ვნახავთ, თუ რა მოხდა ამ სადავო არჩევნებზე.
მეტის თქმა არ შემიძლია. საქართველოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და ჩვენ უნდა მოვფინოთ ნათელი ყველა გარემოებას, რომელმაც იმოქმედა ამ არჩევნებზე, მაგრამ ვერ შევძლებ მისიის შედეგის წინასწარ განჭვრეტას“, – განაცხადა ბორელმა.