ჯოზეფ ბორელი - საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის - გაუქმდეს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი
ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ევროკავშირის ოჯახში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.
ამავდროულად, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
„საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნეს გამოსწორებული და გამოძიებული. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს ცალ-ცალკე, მაგრამ ისინი მრავლადაა და ბევრი მათგანი არის სერიოზული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც – პირიქით. ამიტომ აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და როგორ აისახა ეს შედეგზე. ეს განამტკიცებს ტენდენციას, რომელსაც ბოლო თვეებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ქვეყანას ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან აშორებს.
ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის. უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.