ჯოზეფ ბორელი - სამწუხაროდ, ევროკავშირში აღარ არის ერთსულოვნება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან უნგრეთმა ბრაზილია-ჩინეთის ინიციატივის ღიად მხარდაჭერა გადაწყვიტა
სამწუხაროდ, ევროკავშირში აღარ არის ერთსულოვნება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა გადაწყვიტა ბრაზილია-ჩინეთის ინიციატივის ღიად მხარდაჭერა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავის ბლოგში წერს.
ბლოგში ბორელი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების და იქ უკრაინის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით წერს.
„ამ კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი, რა თქმა უნდა, ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დებატებზე. განსაკუთრებით სამშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, სადაც დავადასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენის ბრძოლისადმი და პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზებებისადმი. სამწუხაროდ, ევროკავშირში აღარ არის ერთსულოვნება ამ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ერთმა ქვეყანა, უნგრეთმა აირჩია, ღიად დაუჭიროს მხარი ბრაზილია-ჩინეთის ინიციატივას“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერვენცია თავის თავად არის საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის მასშტაბური დარღვევა, თუმცა რუსეთის მიერ ამ ომის წარმოების თითოეული დღე საერთაშორისო სამართლის ახალ მასშტაბურ დარღვევებს ქმნის.
ბლოგში ბორელმა აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, განსაკუთრებით ზამთრის წინ.
„პუტინი ცდილობს, გატეხოს უკრაინის წინააღმდეგობა და მიაღწიოს ენერგეტიკის კოლაფსით იმას, რასაც ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია“, – წერს ჯოზეფ ბორელი.