ჯოზეფ ბორელი - ომი ახალ ფაზაში შევიდა, უდავოდ, სახიფათო ფაზაა, უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება
ჯოზეფ ბორელი - ომი ახალ ფაზაში შევიდა, უდავოდ, სახიფათო ფაზაა, უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება

ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ სიცივე და გაზის მიწოდების შეწყვეტა, მაღალი ფასები და დაბალი ტემპერატურა ძირს გამოუთხრის ჩვენს ნებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ურყევი და უკრაინის ბედი მათ მომავალზეც აისახება.

„ჩვენ ახლა მკაფიო პოლიტიკა გვაქვს უკრაინის მიმართ. ჩვენი ნებაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შემოუერთდეს ევროკავშირს, რაც ამ პოლიტიკის მკაფიო მიზანია. ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ასე დამოკიდებული რუსეთზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომი სახიფათო ფაზაში შევიდა.

„უკრაინა შეტევაზე გადადის. ომი ახალ ფაზაში შევიდა. უდავოდ, სახიფათო ფაზაა, ვინაიდან საშინელ სცენარში ვართ, რაზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ეს არის კონვენციური ომის სცენარი, ატომური სახელმწიფოს მონაწილეობით, რომელიც ამ მომენტში ჩვეულებრივ სცენარს შორდება და ატომური იარაღის განთავსებით იმუქრება. ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება”, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, მათ უნდა განაგრძონ რუსეთის იზოლირება.

„პუტინი ფიქრობს, რომ დემოკრატია სუსტია. ის ელოდება „გენერალ ზამთრის“ დადგომას, რომელიც ეხმარებოდა რუსეთს წინა კონფლიქტების დროს. ის იმედოვნებს, რომ სიცივე და გაზის მიწოდების შეწყვეტა, მაღალი ფასები და დაბალი ტემპერატურა ძირს გამოუთხრის ჩვენს ნებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის გულუხვობა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სრულია, რადგან უკრაინის ბედი საბოლოო ჯამში დაკავშირებულია ჩვენთან. ეს ჩვენს მომავალზეც აისახება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.