ჯოზეფ ბორელი - მივეჩვიეთ ცხოვრებას აშშ-ის ქოლგის ქვეშ, ვგრძნობდით, რომ ნატო-ს წევრობას შეეძლო ჩვენი პრობლემების გადაჭრა, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ უნდა ავიღოთ გაერთიანებული პასუხისმგებლობა
ჯოზეფ ბორელი - მივეჩვიეთ ცხოვრებას აშშ-ის ქოლგის ქვეშ, ვგრძნობდით, რომ ნატო-ს წევრობას შეეძლო ჩვენი პრობლემების გადაჭრა, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ უნდა ავიღოთ გაერთიანებული პასუხისმგებლობა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ახალი მნიშვნელოვანი მომენტი დგას.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, უკრაინაში ომმა უნდა გამოაფხიზლოს ევროპელები.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა იცოდა, რომ რუსეთის ენერგიაზე არის დამოკიდებული, თუმცა არ ეგონა, რომ ეს დამოკიდებულება ასეთი დიდია.

„ჩვენ ვმუშაობთ სამი მიზნის მისაღწევად, პირველი არის რუსეთის იზოლირება საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. მეორე, ჩვენ გვსურს საერთაშორისო თანმეგობრობის გაერთიანება წესებზე დამყარებული წესრიგის დასაცავად. მესამე, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს კონფლიქტი არ მიგვიყვანს დაყოფილ სამყარომდე და ახალ ცივ ომამდე, რომელიც დააპირისპირებს დასვლეთს ჩინეთთან და რუსეთთან, ანუ ავტოკრატების ახალ ალიანსთან. ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც განზე დგომას არჩევენ, მაგრამ რეალურად, იხრებიან რუსეთისკენ. ამ მხრივ, გადავდგით დიპლომატიური ნაბიჯები და რამდენიმე წარმატებას მივაღწიეთ. ვგულისხმობ ორ კენჭისყრას გაერო-ში, სადაც ქვეყნების უმრავლესობამ დაგმო რუსეთის აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინელი ხალხის უფლებებს. თუმცა ჩვენ ფრთხილად უნდა გავაანალიზოთ, რამდენად მდგრადი და სოლიდურია ქვეყნების ეს ერთობა და რა პოზიცია აქვს დიდ ქვეყნებს, რომლებსაც არ დაუგმიათ რუსეთი. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მათი პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ და გავაცნობიეროთ, რამ გამოიწვია მათი ასეთი მიდგომა“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეიმუშავა ე.წ. სტრატეგიული კომპასი, რომელიც დაეხმარება ევროპას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გააზრებაში.

მისივე თქმით, უკრაინის კრიზისმა ევროპას დაანახა ხარვეზები, რომლებიც ამ სფეროში ევროკავშირს აქვს.

„ჩვენ მივეჩვიეთ ცხოვრებას აშშ-ის დაცვის ქოლგის ქვეშ და ვგრძნობდით, რომ მხოლოდ ნატო-ს წევრობას შეეძლო ყველა ჩვენი პრობლემის გადაჭრა. ცხადია, ევროპის ტერიტორების დაცვის კუთხით, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მოდით, ყველამ მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ გაერთიანებული პასუხისმგებლობა და გავაკეთოთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.