ჯოზეფ ბორელი - მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს, არ იქნება დაღლა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას
მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც რუსეთს ისევ აქვს უკრაინის დამორჩილების სურვილი და სწორედ ამიტომ საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა.
ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა ბრძოლას ვერ დათმობს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მისი, როგორც ერის არსებობას.
„ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურთ. ისინი, ვისაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდათ, არიან უკრაინელები. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი“, – განაცხადა ბორელმა.