კორონავირუსის დროს დეზინფორმაცია კლავს. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ მოქალაქეები, ვაცნობოთ მათ მცდარი ინფორმაციის თაობაზე და ვამხილოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკომისიაში დღეს დეზინფორმაციასა და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც განაცხადა, რომ პანდემიის დროს დეზინფორმაცია განსაკუთრებით საშიშია.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი სოციალური პლატფორმები როგორებიც არის „გუგლი“, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ საკუთარ საიტებზე ამ ტიპის ინფორმაციის კონტროლს სათანადოდ ვერ ახერხებენ.
„დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც მეომრები ხმლების მაგივრად კლავიატურას იყენებენ, ახორციელებენ მიზნობრივ ოპერაციებსა და სადაც დეზინფორმაციის კამპანიები აღიარებული იარაღია, ევროკავშირი ამ მიმართულებით თავის საქმიანობას და შესაძლებლობებს აფართოებს“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირი დეზინფორმაციას 2015 წლიდან აქტიურად ებრძვის. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მთავარი მეთოდები ევროკავშირმა 2018 წელს დეზინფორმაციის სამოქმედო გეგმის სახით მიიღო.