ჯოზეფ ბორელი - ხარკოვის ოლქის სოფელ გროზას დაბომბვა მორიგი საზარელი თავდასხმაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება დასჯილი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე რუსი სამხედროების თავდასხმას გამოეხმაურა.
„მორიგი საზარელი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გარდა ყოველდღიური განურჩეველი თავდასხმებისა, რომელსაც რუსეთი განაგრძობს ფრონტის ხაზთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია და ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება დასჯილი. ამასთან, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უაღრესად აფასებს უკრაინელი ხალხის ძალას, გამბედაობასა და წინააღმდეგობას.
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში სოფელი გროზა დაბომბეს, ვრცელდება ინფორმაცია 51 დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ. დაბომბილია კაფე და მაღაზია. უკრაინული მხარის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ობიექტს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა მოხვდა.