ჯოზეფ ბორელი - გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა სწორად მიიჩნიეს, რომ კანონი ევროკავშირის ნორმებს ეწინააღმდეგება
ჩვენ გვქონდა აზრთა მიმოცვლა საქართველოში „უცხო გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო, სხვებმა სწორადაც მიიჩნიეს, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, „დაიწყეს კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა“.
„ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონი. ჩვენ დავიწყეთ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, ივნისში. ვისურვებდი, რომ წევრები მზად იყვნენ, მიიღონ გადაწყვეტილებები ყოველთვის, როცა იარსებებს რაღაც, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო კანონმდებლობას, არ მიჰყვება ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან მსოფლიოში. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველ ხალხს მოუწევს, ხმა მისცეს თავისი ქვეყნის ტრაექტორიას და მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ იქონიოს გავლენა ბენეფიტებზე, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად მიიღებენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა ბორელმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.