ჯოზეფ ბორელი - გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას და დახმარებას, ვისაუბრებთ, რა დამატებითი სანქციების დაწესება შეგვიძლია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში
ჯოზეფ ბორელი - გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას და დახმარებას, ვისაუბრებთ, რა დამატებითი სანქციების დაწესება შეგვიძლია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში

დღეს ჩვენ გვექნება ერთობლივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრებთან, რომ დავამტკიცოთ ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ პასუხის ნაწილი უკრაინის ომზე.

„ეს არ არის პასუხი უკრაინის ომზე, მაგრამ არის პასუხის ნაწილი. ამაზე ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. როდესაც დოკუმენტზე მუშაობა დავიწყეთ, მისი ბოლო ეტაპისთვის რთული იყო წარმოდგენა, რომ ასეთი ცუდი სიტუაცია იქნებოდა. ევროკავშირი გადავიდოდა ასეთი დიდი გამოწვევის ფაზაში. ახლა დროა, თავიდან დავფიქრდეთ ევროპული შესაძლებლობების მომავალზე, ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ომი. ამის გამო წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ სამხედრო შესაძლებლობები. ეს უნდა გაკეთდეს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან შესაბამისობაში. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ გავძლიერდეთ და ჩვენს შესაძლებლობებს უფრო კოორდინირებულად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ერვოკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისივე თქმით, ყოველგვარი კანონისა და ომის წესის მიღმაა ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროპის სამშვიდობო ცენტრის საშუალებით, რომ აღმოვუჩინოთ მეტი ფინანსური დახმარება. ჩვენ გვექნება შეხვედრა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მოლდოვა უზრუნველყოფს უკრაინელი ლტოლვილების შესანიშნავ მხარდაჭერას. შემდეგ ჩვენ გვექნება ვიდეოკონფერენცია უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, სადაც საომარ ვითარებაზე ვისაუბრებთ. რაც მარიუპოლში ხდება, ეს არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, ნადგურდება ყველაფერი, განურჩევლად იბომბება ყველა და იხოცება ხალხი, საშინელება ხდება, რასაც ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ. ეს არის სამხედრო დანაშაული. ქალაქი მთლიანად ნადგურდება და ხალხი იხოცება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას და დახმარებას. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა დამატებითი სანქციების დაწესება შეგვიძლია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. რუსეთი იყენებს ყველა სახის სამხედრო შესაძლებლობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ქვეყნის განადგურება ომის კანონის ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე. ომს ასევე აქვს კანონი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სასამართლომ უკვე დაგმო ეს შეჭრა. რასაც რუსეთი აკეთებს, ეს ყოველგვარი კანონისა და ომის წესის მიღმაა“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.