ჯოზეფ ბორელი - გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მოითხოვს მტკიცე პოზიციას და საფასურს ომის შედეგებისთვის, ეს შედეგები გამოიწვევს ევროპული პოლიტიკის ფორმირებას ათწლეულების განმავლობაში
ჯოზეფ ბორელი - გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მოითხოვს მტკიცე პოზიციას და საფასურს ომის შედეგებისთვის, ეს შედეგები გამოიწვევს ევროპული პოლიტიკის ფორმირებას ათწლეულების განმავლობაში

მოდით, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები, მაგრამ ამავე დროს ნება მომეცით, ვიყო თვითკრიტიკული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ორმაგი მესიჯით წარვდგე. პირველ რიგში, ბევრი გავაკეთეთ. მეორე, ჩვენ საკმარისი გავაკეთეთ. ჩვენ დავარღვიეთ ტაბუები და წინ წავწიეთ რაღაც, რაც წარმოუდგენელი იყო. რამდენიმე დღით ან საათით ადრე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და უფრო სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა. მოდით, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები, მაგრამ ამავე დროს ნება მომეცით, ვიყო თვითკრიტიკული, რადგან გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მოითხოვს მტკიცე პოზიციას ჩვენი თვალთახედვით და მზადყოფნას, საფასურს ომის შედეგებისთვის, რომლებიც იქნება ხანგრძლივი და ეს შედეგები ევროპული პოლიტიკის ფორმირებას გამოიწვევს წლებისა და ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მნიშვნელოვანია პუტინის რეჟიმის რუსი ხალხისგან განცალკევება.

„ჩვენ ამ ომს პუტინის ომს ვუწოდებთ და ეს მისი ომია. სწორედ მან გადაწყვიტა ამ ომის წამოწყება. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ადამიანი, რომელსაც მხარს უჭერს რეჟიმი, ოლიგარქები, დაფუძნებულია კორუფციაზე და იყენებს ქვეყნის სიმდიდრეს, რუსი ხალხისგან, რომელიც ომის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ათასობით მოქალაქე დააკავეს, რადგან ისინი აპროტესტებდნენ რუსეთის ქალაქებში. ისინი იმსახურებენ სოლიდარობასა და მხარდაჭერას, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ უკრაინის არმიისა და ხალხის სამხედრო დახმარება. მეორეც, რუსეთის ეკონომიკა არ არის ისე ურთიერთდაკავშირებული გლობალურ ეკონომიკასთან. ის ძირითადად ტუმბავს გაზს და ამ ენერგოტრანზაქციებიდან მიღებულ თანხებს იყენებს შეიარაღებულ ძალებსა და გავლენის გაფართოებაში იქ სადაც შეუძლია, კავკასიასა და ახლა უკრაინაში. ის დამოკიდებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგებზე, რუსეთი ახლა დეფოლტის რისკის წინაშეა. წევრი ქვეყნები მუშაობენ სანქციების ახალ პაკეტზე. ის მოიცავს 100-მდე პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთავრობის სხვადასხვა დონეზე“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, „ევროპელებს უნდა ესმოდეთ, რომ კიევზე ჩამოცვენილი ბომბები გამოფხიზლების ზარია ჩვენი ოცნებებისა და კეთილდღეობისთვის“.

„ევროპაში გვსურს, ყველაფერი ორგანიზებულად და მოწესრიგრებულად გვქონდეს, როგორც ფრანგული ბაღი, მაგრამ გარშემო ჯუნგლები იზრდება და თუკი არ გვსურს, ეს ჯუნგლები შემოიჭრას მოწესრიგებულ ბაღში, შენარჩუნებაზე მეტი გვჭირდება. ჩვენ უნდა დავიცვათ გიბრალტარიდან კავკასიამდე. ჩვენ გარშემორტყმული ვართ ცეცხლოვანი რკალით, მათ შორის –  რუსეთით. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევებს. ჩვენ არ გვსურდა ეს გამოწვევები, მაგრამ ახლა ისინი ჩვენ წინაშეა. უკრაინა კი ახლა პრიორიტეტია“, – აღნიშნა ბორელმა.