ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე
ევროკავშირში აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რუსეთი იყოს იზოლირებული.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე, უნდა ვთქვა: ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის, საომარი პროპაგანდისა და სხვა ინიციატივების აღკვეთა. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში“, – განაცხადა ბორელმა.