ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს
ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა, გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბორელის თქმით, აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარზე აიღო კონტროლი, რათა სხვა საკითხებთან ერთად გადაეხადა ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაცია, ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარება და მსგავს რამეზე ფიქრი სრულიად მიზანშეწონილი იქნებოდა რუსეთთან მიმართებაში.
„თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინეს.