ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მათთვის ადვილია თქმა, რომ არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვებისთვის არც ისე ადვილია
ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც რუსულ გაზს არ იყენებენ, ადვილია იმის თქმა, რომ მზად არიან, არ გამოიყენონ ეს რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე, ეს არც ისე ადვილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ყველას აქვს დიდი რისკი აღებული ენერგიაზე ამ ძლიერი დამოკიდებულობის გამო და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევამციროთ ეს დამოკიდებულება, განვავითაროთ განახლებადი ენერგიის წყაროები და მოვძებნოთ სხვა მომწოდებლები. მაგრამ ძირითადი საკითხი არის ახალი სტრატეგიული ავტონომიის მშენებლობა, ევროპული ავტონომია ენერგეტიკაში“,- განაცხადა ბორელმა.
როგორც ბორელმა განაცხადა, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ხასიათდება ორი სიტყვით – ეს არის მარცხი და საშინელება.
„რაც მე მაწუხებს ყველაზე მეტად, ეს არის რუსეთის მომავალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ორი სიტყვით ხასიათდება. პირველი, ეს არის მარცხი, დიდი მარცხი რუსული არმიისთვის. ისინი ცდილობდნენ დაეპყროთ კიევი და ახლა მათ ამაზე უარი თქვეს და მიატოვეს კიევი. ისინი ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია და ახლა აგროვებენ თავიანთ ჯარებს აღმოსავლეთით. უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ რუსები აპირებენ დიდი შეტევის დაწყებას დონბასში. მეორე სიტყვა არის საშინელება. რაც რუსეთის არმიამ დატოვა არის მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურებული ქალაქები, რისი მაგალითიც არის რკინიგზის სადგურზე მომხდარი დაბომბვა“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.