ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან მტკიცეა, როგორც არასდროს, ჩვენ ეს პარტნიორობა შემდგომ დონეზე გადაგვყავს
ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან მტკიცეა, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაში ბორელთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
„ორი თვის წინ აქ, ბრიუსელში გაიმართა სომხეთთან პარტნიორობის საბჭოს სხდომა. ცხადი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, ეს ურთიერთობები მტკიცეა, როგორც არასდროს და არსებობს ორმხრივი ინტერესი, რათა მოხდეს მათი კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს სწორედ ის არის, რასაც დღეს აქ ვაკეთებთ. ჩვენ ეს პარტნიორობა შემდგომ დონეზე გადაგვყავს. ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაერთიანებთ ძალებს, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და მედეგობის მიმართ“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას.
„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთმა უნდა გააგრძელოს მუშაობა რეფორმებზე, რათა გააძლიეროს თავისი მედეგობა. ეს ძალისხმევა იქნება პარტნიორობის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული შეთანხმების ნაწილი. ეს გაზრდის სომხური საზოგადოების მედეგობას. ვნახეთ ამ შეხვედრის წინ, რომ სომხეთი სულ უფრო მეტად ხდება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის სამიზნე. ჩვენი ვალდებულების ნაწილია, დაგეხმაროთ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ჩვენი მუშაობა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.