ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში მყოფი ევროკავშირის მონიტორების განთავსებას აზერბაიჯანთან, სომხეთის საზღვრის მხარეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში მყოფი ევროკავშირის მონიტორების განთავსებას აზერბაიჯანთან, სომხეთის საზღვრის მხარეს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის ჯგუფი უკვე სომხეთშია და საზღვარზე უახლოეს მომავალში განთავსდება.
„ჯგუფი უკვე ადგილზეა და საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ მომდევნო კვირებში, ძალიან სწრაფად, განვათავსებთ 40 დამკვირვებელს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე. ძალიან ვამაყობ, რამდენად სწრაფად შევძელით ამ მისიის შექმნა და განთავსება. კავკასიაში ამ ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის ფონზე, ეს არის ევროკავშირის მზადყოფნის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას. ევროკავშირის ჯგუფი უკვე სომხეთშია და საზღვარზე უახლოეს მომავალში განთავსდება“, – განაცხადა ბორელმა ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.