ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს

ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ მეათე პაკეტი, რომელიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს დასამტკიცებლად. ვფიქრობ, მისი დამტკიცების გზაზე ვართ და ის დამტკიცებული იქნება უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში, ნებისმიერ შემთხვევაში, 24 თებერვლამდე. სანქციების შემდეგი პაკეტი იქნება დამტკიცებული 24 თებერვლამდე. დაბრკოლებები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, გადალახული იქნება. ეს არის ყველა მინისტრის დაპირება. საბჭოში პაკეტის მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა და დარწმუნებული ვარ, რომ მის დამტკიცებას კვირის ბოლომდე შევძლებთ“, – განაცხადა ბორელმა.

სანქციების მეათე პაკეტი მოიცავს სანქციებს ოთხი რუსული ბანკის წინააღმდეგ, შეზღუდვებს რუსეთიდან იმპორტზე, მათ შორის კაუჩუკზე, რუსეთში ექსპორტზე, მათ შორის სატვირთო მანქანებზე.

ბორელმა უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფად მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. სიჩქარე ნიშნავს ადამიანების სიცოცხლეს და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად. არა მხოლოდ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა, არამედ გავაკეთოთ ეს სწრაფად. უნდა გავაგრძელოთ მიწოდება, რაც საჭიროა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები. ევროპის მშვიდობის ფონდი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებას და წვრთნას ჩვენი საწვრთნელი მისიის ფარგლებში. როგორც ბოლო დღეებში არაერთხელ ვთქვი, უკრაინის არმიას სჭირდება დიდი რაოდენობით აღჭურვილობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, ევროკომისია წარუდგენს მარტში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეთავაზებას უკრაინის დასახმარებლად. მან თავდაცვითი მრეწველობის ინდუსტრიის გააქტიურების პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის სწრაფად დახმარების გზა არის მისთვის ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებაში უკვე არსებული იარაღის მიწოდება.

„ვერ დაველოდებით ახალი იარაღის წარმოებას, უნდა გამოვიყენოთ, რაც უკვე წარმოებულია და საწყობშია ან ის, რაც უკვე კონტრაქტით გაფორმებულია და უახლოეს დღეებში იწარმოება. უკრაინის არმიისთვის შეიარაღების მიწოდება უნდა იყოს პრიორიტეტული, რამდენადაც შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანები, თუმცა დღეს მნიშვნელოვანია მოკლევადიანი ამოცანები“, – განაცხადა ბორელმა.