ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში
მე განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ უკრაინაში არსებული სიტუაციით, ყირიმის ანექსიით, მათ შორის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებით, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე.
„ბელარუსში რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება. ევროკავშირის ერთიანი პოზიციაა, დაასრულოს ჩვენს საზღვრებთან ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ორკესტრირებული მიგრაციული კრიზისი. მოწყვლადი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და უნდა შეწყდეს. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ევროკავშირი მხარს უჭერს და მზად არის, შეავსოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევა შეთანხმებული, ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირებისთვის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და ასევე, მოლდოვის რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის დარეგულირების პროცესს. სტაბილურობა ეუთო-ს მთელ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია“, – განაცხადა ბორელმა.